Monday, April 13, 2009

“ამისგან რაღაც სერიოზული გამოვიდოდა”

მერაბ ნინიძე, ჩემთვის და არამარტო ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი მსახიობი, ქართული და უცხოური კინოს ვარსკვლავია. მისი შექმნილი პერსონაჟების სია მართლაც რომ შთამბეჭდავია, მაგრამ არა რაოდენობით, არამედ ხარისხითა და უდიდესი გამომხატველობით, თავისებური ქარიზმითა და ძალით, რომლითაც თითოეული როლი ისეა გაჟღენთილი, რომ საბოლოოდ შესანიშნავი შედეგი მიიღწევა, - იქმნება შეუდარებელი ეკრანული თუ თეატრალური სახე. მერაბის როლები მართლაც რომ განსაკუთრებულია.

მერაბ ნინიძე დაიბადა 1965 წლის 3 ნოემბერს, თბილისში. ბავშვობა აქვე გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი თბილისის სამსახიობო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.

გიზო ჟორდანია, მერაბის ჯგუფის ხელმძღვანელი იხსენებს, რომ მისაღებ გამოცდებზე სხვები გაცილებით მეტად იქცევდნენ ყურადღებას: “საცოდავი იდგა, მაგრამ... მაგრამ აი, თვალის ფსკერზე ისეთი ეშმაკები უბრწყინავდნენ მას, რომ... მე დავინახე, რომ ამისგან რაღაც სერიოზული გამოვიდოდა და ასეც მოხდა!..” - ყვებოდა თავის ერთერთ ინტერვიუში ბატონი გიზო, ჯგუფის და შემდგომში დასის უცვლელი ხელმძღვანელი.

მერაბის დებიუტიც სცენაზე სწორედ ამ დროს შედგა. 1980 წელს მან ითამაშა სპექტაკლში “რიჩარდ III” პრინც ედვარდის როლი, რომელიც რობერტ სტურუას რეჟისორობით დაიდგა.

საერთოდ, ეს დასი მეტად ცნობილი იყო იმხანად. ქართული საზოგადოება ერთგვარ ვალდებულებად თვლიდა, მათი ყოველი სპექტაკლი რამდენჯერმე ენახა. მერაბი რუსთაველის თეატრის სცენაზე 1986-1991 წლებში თამაშობდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. მისი დასის წევრები იხსენებენ, როგორ “დასდევდა” მერაბს თაყვანისმცემლების დიდი არმია. განსაკუთრებით ბევრი ნატრობდა “ანა ფრანკის დღიურებში” ნინო თარხან-მოურავის ადგილას ყოფნას და არც თუ იშვიათად ნახავდით სპექტაკლის აფიშაზე წარწერას “მერაბ, მიყვარხარ”...

“სამანიშვილის დედინაცვალი”, “ლეონსი და ლენა”, “ანა ფრანკის დღიურები”, “ჰამლეტი”, სადაც, სხვათა შორის, ჰამლეტის როლი ჰქონდა... დასის სპექტაკლები დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მერაბ ნინიძის, როგორც ტელემსახიობის დებიუტი ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში ნინო შარაბიძის ფილმ-სპექტაკლში “მკვლელობა ანუ სურათები საოჯახო ალბომიდან” შედგა. შემდეგი და მერაბის კარიერის ერთერთი ყველაზე წარმატებული როლი კი 1984 წელს თენგიზ აბულაძის ფილმ “მონანიებაში” შეასრულა, - განასახიერა თორნიკე არავიძე, მეამბოხე და წინა თაობის ცოდვებსა და სისხლიან საქმეებზე “პასუხისმგებელი” ახალგაზრდა. მერაბი ამ როლზე უცნაურად მოხვდა: თორნიკე გეგა კობახიძეს უნდა ეთამაშა, თუმცა ცნობილი თვითმფრინავის ისტორიის შემდეგ ბატონმა თენგიზმა მერაბი დაამტკიცა როლზე...

“მონანიებამ” დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში. ეს იყო პერიოდი, როცა კომუნისტური საზოგადოება შინაგანად უკვე დამპალი და გამოფიტული იყო. ამ ფილმში აჩვენეს სოც-ელიტა, რომელსაც ნამდვილ ელიტასთან აღარაფერი ჰქონდა საერთო და უფრო მეტიც, ისინი ისე იყვნენ სისხლით ხელშეღებილნი, რომ სხვას აღარაფერს აქცევდნენ ყურადღებას და უაზრო არგუმენტებით ცდილობდნენ იმ სისასტიკის გამართლებას, რომელიც მათმა მამებმა ჩაიდინეს წარსულში. მათ არგუმენტზე, ეს ყველაფერი ხალხისთვის კეთდებოდაო, მერაბი ერთ ადგილას ამბობს: “თქვენ ადამიანის ბედს არითმეტიკული მაშტაბებით უდგებით! მთავარია პროპორცია, არა?”... შვილები დუმან, მაგრამ მათი შემდგომი თაობა აღარ გაჩუმდება... თორნიკე თავს იკლავს. ამით იგი შვილების თაობას აფხიზლებს და აჩვენებს შეცდომებს. ახლა ვარლამ არავიძის სხეულს უკვე ისინი აღარ მოასვენებენ მიწაში...

ფილმი სიმბოლურია. აქ ყველაფერს ნახავთ ერთად. თუნდაც მხოლოდ ვარლამ არავიძის პორტრეტი: მასში შერწყმულია ყველაზე სასტიკი ადამიანების სახეეები, რომელთაგან საზოგადოებამ ბევრი შერისხა, ბევსაც მისი ნაწილი დღემდე ეთაყვანება. სწორედ ამ ყველაფრის აღნიშვნას ემსახურება ფილმის ბოლოს რეპლიკა ვარლამის შესახებ, ეს რა კაცი დავკარგეთო... ვარლამი სათვალით ბერიაა, წვერით - ჰიტლერი, იმით კი, მიწა რომ არ ეღირსა, ლენინს განასახიერებს...

ამ ფილმის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო. მხოლოდ ფაქტებს დავამატებ. ფილმმა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი რომ მიიღო, რეჟისორი ჯილდოს მისაღებადაც არ გაუშვიათ გერმანიაში. თენგიზ აბულაძე ამბობდა, 113 ენაზე თარგმნეს ჩემი ფილმი და 113 მანეთიც არ მოუციათ ჩემთვისო...

1992 წელს, საქართველოში მძიმე ვითარების დროს, მერაბი მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში, ხოლო 1995 წლიდან იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში, ვენაში. მერაბის ამ ნაბიჯს ვერ გაამტყუნებ: მაშინ ჩვენს ქვეყანაში არც კინოსთვის ეცალა ვინმეს და არც თეატრისთვის და კინოს მხრივ არც ახლაა მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა.მერაბმა პირველი ავსტრიული როლი გორან რეგიჩის “ჰუგოფილმში” (“Jugofilm”) (1996) შეასრულა. მანამდე იყო “კურდღლებზე ნადირობა” (1994), შემდეგ “მთვარე მამა” (1999), “ქარვის ამულეტი” (2004) ეს სია გრძელია...

მთავარი წარმატება მერაბს ფილმმა “Nirgendwo in Afrika” (“არსად აფრიკაში”) მოუტანა. ვერც მერაბი და ვერც ამ ფილმის რეჟისორი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 2003 წელს, ოსკარების 75-ე დაჯილოდოვების ცერემონიალზე სელმა ჰაიეკი სწორედ ამ ფილმს გამოაცხადებდა, როგორც წლის საუკეთესო უცხოურ სურათს, ამიტომ არც ერთი მათგანი დაჯილდოებას არ დასწრებია. მოგვიანებით მერაბი იხსენებდა, რომ ატირდა, როცა ეს ამბავი უთხრეს...

მერაბი დღემდე ვენაში ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ ქართულ პროექტებშიც დიდი სიამოვნებით მონაწილეობს და სამშობლოს ხშირად სტუმრობს. ამ ცოტა ხნის წინ სიმღერაშიც სცადა ბედი და ნანუკა ხუსკივაძესთან ერთად ჩაწერა დუეტი...

მერაბ ნინიძე 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. ის დღემდე აქტიურად მოღვაწეობს როგორც ქართულ, ისე უცხოური კინოსა და თეატრის სფეროში, მაგრამ ქართული რეპეტიციები ურჩევნია, მეტი თავისუფლებააო, ამბობს...

მერაბი კიდევ ერთი მაგალითია იმ ადამიანებისა, რომელთაც ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვთ სხვა ქვეყანაში თავიანთი მოღვაწეობით და მიღწევებით და ამავდროულად არ ავიწყდებათ ის... მერაბი კი ისევ იბრძოლებს ბედთან ხან როგორც ექიმი, ხან როგორც რუსი ოფიცერი, ხან კი, უბრალოდ, ადამიანი, რომელიც იდეალებს ამსხვრევს...



თამარ ხეიძე